ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად, “Netzwerk Ost-West“ პროექტის ფარგლებში, აცხადებს სტუდენტთა გაცვლით სემინარს: „თბილისი-ბერლინი 2025“.
სემინარი გაიმართება 2025 წლის 4-17 აგვისტოს: პირველი კვირა თბილისში, ხოლო მეორე – ბერლინში. გაცვლითი სემინარის ფარგლებში, სტუდენტები სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით, დაამუშავებენ კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებს და შემდგომ, გერმანელ სტუდენტებთან ერთად, წარადგენენ მოხსენებებს.
სემინარის ხარჯები (ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.
მონაწილეობის წინაპირობები:
- სტუდენტის აქტიური სტატუსი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა);
- გერმანული ენის კარგად ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა, 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე (ostwest.geo@gmail.com) უნდა გამოგზავნონ CV (გერმანულ ენაზე, ფოტო სურათისა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ და ფაკულტეტის მიერ გაცემული ამონაწერი სასწავლო ბარათიდან (ნიშნების ფურცელი).
გასაუბრება გაიმართება განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან უახლოეს დღეებში გერმანულ ენაზე.
სემინარის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 2025 წლის 15 თებერვალს, 15:00 საათზე, ონლაინ (Zoom-ის საშუალებით). დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ მაილზე (ostwest.geo@gmail.com) და გამოგიგზავნით შეხვედრის ლინკს.